X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გახსნა

30 სექტემბერი 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირებაში და აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე, უსაფრთხო და მზარდ სატვირთო ნაკადებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა.

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განვითარება ამცირებს გადაადგილების დროსა და ლოგისტიკურ ხარჯებს, აუმჯობესებს საქართველოს რეგიონებს შორის კავშირს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნიდან უკვე დასრულებულია 325 კილომეტრამდე გზა. უახლოეს პერიოდში იგეგმება ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალისა და თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მომდევნო ათწლეულის პროგრამა კი დაახლოებით 460 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზის განვითარებასა და არსებული ქსელის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, პროექტების მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რეალისტურ ფასწარმოქმნასა და სამუშაოების ხარისხის კონტროლზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის - პროექტირების, მშენებლობის, ტექნოლოგიების, ზედამხედველობისა და გზების მართვის მიმართულებით.

„გვინდა, გამოცდილმა პარტნიორებმა და ინვესტორებმა კარგად დაინახონ, რა პროექტებს ვამზადებთ, როგორ ვითარდება საქართველო და სად შეიძლება კონკრეტული თანამშრომლობა”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, კონგრესი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების შესაძლებლობაა. საქართველოს მიზანია, შეხვედრები პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინვესტორებსა და კომპანიებთან.

კონგრესი და გამოფენა თბილისში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიების მთავარი თემაა ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. მონაწილეები განიხილავენ საგზაო უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დაფინანსებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და რეგიონულ თანამშრომლობას.

კონგრეს ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.